თინათინ მაღალაშვილი - დიზაინერი

განახლებული ზალა რესტორანი –  ეს არის წარსული ეპოქის დაბრუნება, პირდაპირი შეხება ისტორიასთან. ზალას შენობაში საუკუნის წინ განთავსებული იყო ქალთა პანსიონატი. ეს არის ადგილი, რომელიც ინახავს გასული საუკუნის ძველ არისტოკრატიულ სულს.

გარემოს, სიძველესა და დახვეწილობას მატებს, მიწის ქვეშ აღმოჩენილი თაღებიანი ღვინის საცავი, რომელიც ამჟამად ეპოქალური მარნის სახელით მასპინძლობს ზალა რესტორნის სტუმრებს.

ზალა რესტორანი ეს არის ქართული სულით, ქართული მასპინძლობით, ქართული ტრადიციული კერძებითა და ქართული მუსიკით გაჟღენთილი ადგილი.  სიძველე, რომელსაც ფაქიზად დაკრავს სიახლის ელემენტები.

განახლებული ზალა რესტორნის დიზაინის იდეისა ავტორი და განმახორციელებელი   ზურა ბაქრაძის დიდი ხნის მეგობარი და ამავე დროს ცნობილი ქართველი დიზაინერი, თინათინ მაღალაშვილია.

 

საიდან წამოვიდა თქვენი და ზურას თანამშრომლობის იდეა?

 

ჩემი და ზურას მეგობრობა წლების წინ დაიწყო. ჩვენ არაერთ პროექტზე გვითანამშრომლია ერთად.

პირველი თანამშრომლობა შედგა, ზურა ბაქრაძის, როგორც რესტორატორის და ჩემი, როგორც ტანსაცმლის დიზაინერის. ამ თანამშრომლობის შედეგად შევქმენით უნიფორმის დიზაინი ერთ-ერთი დიდი რესტორნისთვის. შემდეგ მოჰყვა ერთ-ერთი მსხვილი სარესტორნო ქსელის უნიფორმები, ინტერიერის კუთხით ჩემი ჩართულობა და ზუსტად მაშინ დაინახა ზურამ ჩემი, როგორც ინტერიერის დიზაინერის შესაძლებლობები.  მისმა ნდობამ ჩემ მიმართ, მომცა საკუთარი თავის რწმენა. მან აღმოაჩინა ჩემში ინტერიერის დიზაინერი, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემიაში არქიტეტურის ფაკულტეტი დავამთავრე.

 

რა იყო ზურას შეთავაზებების მთავარი გამოწვევა?

 

ჩემი ცხოვრების სტილი გამოწვევების მიღებაა. მიყვარს მრავალფეროვანი და სირთულეებით სავსე ცხოვრება. ზურას შემოთავაზებაში არ იყო სირთულეები, მაგრამ მთავარი გამოწვევა იყო მისი ბრმა ნდობა ჩემ მიმართ. ამავდროულად მომეცა სტიმული, რომ გამეცოცხლებინა ის ემოციები, რაც ჩემი ცხოვრების მთავარი ნოსტალგია იყო.

დავიწყეთ მუშაობა პროექტზე, რომელიც უფრო მეტი გამოწვევებით იყო სავსე, ვიდრე გვეგონა, ამან კი უფრო დიდი ინტერესი გააღვივა ჩვენში.

 

თუ გაჩნდა წინააღმდეგობები, რამაც გაფიქრებინათ, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებდით?

 

როგორც უკვე აღვნიშნე, გამოწვევები და წინააღმდეგობები ჩემი ცხოვრების სტილია. საქმის სირთულე ძალას მმატებს და მაფიქრებინებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ზალა რესტორნის პროექტზე მუშაობის პროცესში არ იყო წინააღმდეგობა, იყო საინტერესო თავგადასავლები.

 

როგორ წარიმართა ორი ხელოვანი ადამიანის კოლაბორაციული სამუშაო პროცესი?

 

ძალიან საინტერესოა ჩვენი კოლაბორაცია – დიზაინერისა და ხელოვანი რესტორატორის – პრაქტიკული და ესთეტიური ხაზი ერთიანდება და იქმნება ერთი სივრცე, რომელიც ჰყვება ისტორიას. ზურამ ყოველთვის იცის რა უნდა, მე კი ვხვდები როგორ შევქმნა ის, რაც მას უნდა და სჭირდება. ასე შეიფუთა  ყველა იდეა კონცეპტუალურად სწორად და დავდეთ საინტერესო შედეგი.

 

გქონდათ თუ არა განსხვავებული ხედვები და როგორ აღწევდით შეთანხმებას? გთხოვთ, გაიხსენოთ მსგავსი შემთხვევა. 

 

განსხვავებული ხედვები მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში გვქონდა, რადგან ზურა მენდობა, როგორც დიზაინერს და ყოველთვის იცის, რომ შედეგი საინტერესო იქნება. მეც მაქსიმალურად ვცდილობ გავითვალისწინო მისი ხედვა, რადგან რეატორანს სხვა სპეციფიკა აქვს და ზურა ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სფეროში. თუმცა იყო ერთი შემთხვევა, როცა დამონტაჟებული კარადა მოვახსნევინე დიდი ბრძოლის შედეგად (იცინის).

 

თინათინ, შეაღე ზალა რესტორნის კარი და რა აღმოჩნდა მთავარი ინსპირაციის წყარო?

 

კარი შევაღე . . .  სუნთქვა შემეკრა . . . დროში დავიკარგე . . .  ჩემი ვერის სახლი დავინახე, თავისი გაპრანჭული არისტოკრატი სტუმრებით, ბავშვობის მოგონებები წამოიშალა და ძალიან მომინდა შემექმნა ის ჯადოსნური გარემო, დიდი ბებიის ხავერდის ალბომთან რომ ასოცირდება. მომინდა შემექმნა გარემო, გაჟღენთილი ძველი ვერის უბნის სახლის მისტიკით.  აქაც დაემთხვა ზურას და ჩემი ხედვა და შევქმენით ეპოქალური რესტორანი, სადაც თითოეული სტუმარი ზუსტად გრძნობს იმ მუხტს, რაც ამ პროექტში ჩავდეთ.

 

თინათინ, როგორც ვიცით ზალა რესტორანში მარანი ახალი აღმოჩენილია, ვფიქრობ, ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა სამუშაო პროცესს. გვიამბეთ, შეცვალა თუ არა ამ ფაქტმა თქვენი გეგმები?

 

მარანის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, საინტერესო და დამაინტრიგებელი ფაქტია. თუმცა ჩვენი მარანი არის ძველი თბილისური მარანი, იგივე კონცეფციის, რაც ზოგადად ზალა რესტორანი – იქ სადაც იკრიბებოდა თბილისის „ნაღები“ საზოგადოება.

 

დღეს, როცა ზალა რესტორანს სტუმრობთ, რას გრძნობთ, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები.

 

ზალა რესტორანი ჩემი სახლია და ზუსტად ვიცი ბევრისთვის გახდება “სახლი”, სადაც დრო არ არის განზომილება – არის მხოლოდ ისტორია , რომელიც აცოცხლებს თბილ ემოციებს.

თბილისი, ბელინსკის ქ. 2
ტელ: 599 190 124

სამუშაო საათები: 08:00 – 20:30